Tuesday, February 18, 2014

რაღაც.


იცვლებიან ან მე მეჩვენება რომ იცვლებიან. ცივდებიან. უფერულდებიან. და მერე მიდიან. ვუყურებ რომ მიდიან და ვერაფერს ვაკეთებ. მიდიან. ქრებიან. იკარგებიან. და დიდ შავ ღრმულს ტოვებენ გულში. სამახსოვროდ.

ყველაფერი იბურდება. ერთმანეთში გადადის და იხლართება. ერთგან დაალაგებ სიტუაციას და მეორეგან ირევა. ყველაფერი ისე ხდება, როგორც არ უნდა ხდებოდეს და არაფერი ხდება ისე, როგორც აუცილებელია რომ მოხდეს. ყოველდღიურად რაღაცას ან ვიღაცას კარგავ და, საგიჟიდან გამოქცეულივით, მაინც ყურებამდე პირჩახეული დადიხარ (თუმცა ყველა გიჟი არ არის სიცილის ხასიათზე). როგორი მაგარი მოთამაშეც არ უნდა იყო, ვერც ტკივილებს დაემალები სადმე და, მით უმეტეს, ვერც ცხოვრებას. ბოლოს მაინც მოგაგნებენ და ასმაგად გაზღვევინებენ გაქცევისთვის. დამალვისთვის. უბრალოდ იმისთვის, რომ შეგეშინდა. შეგეშინდა განა თუ სხვისი, არამედ საკუთარი თავის.

საკინძეჩახსნილი ცა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით მომღიმარი მზე და ადამიანებით დავირუსებული დედამიწა. უსიცოცხლო სიცოცხლე და სიყვარულზე შეყვარებული სიკვდილი. არაფერი განსაკუთრებული და ყველაფერი არაფერში. არაფერზე ფიქრი. არაფერზე ოცნება. არაფრის მონატრება. არაფრის სიყვარული. არაფერშიც არაფერი. ხმაურიანი სიჩუმე და ჩუმი აყალმაყალი. მრავალფეროვანი ერთფეროვნება. და მრავლწერტილები. ან უბრალოდ წერტილი.
***
ოთახში შესულმა სიბნელე აანთო. სახიდან ზიზღით მოიშორა ძლიერი ადამიანის ნიღაბი და სითბოსფერი უბრალოება ჩაიცვა. ღია ფანჯრიდან ფერადი კენჭებით მოფენილი ცა დაინახა და სახეზე ღიმილის სუნი აუვიდა. ღრმად შეისუნთქა ღამის გრილი ჰაერი. ერთმანეთს ჩახუტებული მზე და მთვარე წარმოიდგინა და იწამა, რომ ოცნებები ხდება. ოცნებები. ცნებები. ნებები. ბები. ები. ბი. ი.. ხდება რა. ყოველთვის არარსებულს ეპოტინებოდა. ყოველთვის არარეალურზე ფიქრობდა და ოცნებობდა. თუმცა ის ყოველთვისახლაც გრძელდება. არც მთლად ბავშვია და არც მთლად დიდი. სადღაც, გარდამავალ საფეხურზეა გაყინული და ვერც წინ მიდის და ვერც უკან. მიწისფერი თვალებით უყურებს ცხოვრებას და გრძნობს. არ იცის რას..


ნორმალურები, მოსაწყენები არიან .. (9)


No comments:

Post a Comment