Tuesday, February 18, 2014


იმდენად მივეჩვიეთ მოწყენილობას და პესიმიზმს, რომ ღიმილიც კი გვავიწყდება ხშირად. არა, კი არ გვავიწყდება, ვიღიმით, მაგრამ არა გულით, არა სულით, არამედ ინსტინქტურად. მექანიკურად. და ასეთ ღიმილს თვალებიც ვერ გრძნობენ. უგულო ღიმილია რაა, გამყინავი და არაფრისმთქმელი. უფრო მეტიც, გულსაც კი გტკენს ხშირად ეს უგულობა და უღიმილობა, რომელიც ჰაერივით გჭირდება. გჭირდება რათა დარწმუნდე, რომ ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება. უბრალოდ იმისთვის, რომ დაინახო, სადღაც, ახლოს, აქვე არსებობს ვიღაც, ვისაც უყვარხარ. შეიძლება ისე არა, როგორც შენ გსურს, მაგრამ მაინც..

დილით გაღვიძებული, იმ იმედით გავდივარ სახლიდან, რომ უკან ღიმილებით სავსე სულით დავბრუნდები. სხეული თოვლის პაპასავით მოიკიდებს ღიმილიანი სახეებით პირთამდე სავსე სულს და ასე, გაღიმილიანებული, გადავალ სასიზმრეთში. თოვს. ვერ ხედავთ, მაგრამ თოვს. ჩემში, თქვენში, ჩვენში. თოვს, რადგან ზამთრის წესია ასეთი. ცხოვრებას კი წესების დარღვევა არ უყვარს, ხომ იცით.. 

დედა გულში იკრავს პატარა გოგონას, რომელსაც სიცივემ ცხვირი გაუწითლა, და ასე ცდილობს მის დაცვას ზამთრის სუსხისგან. ბავშვის კისკისით ივსება ქუჩა.

შეყვარებული ბიჭი ხელებს უთბობს შეყვარებულ გოგოს. გოგო თავდახრილი დგას და ვერ ხედავს.. ვერ ხედავს, მაგრამ იცის, რომ ბიჭს თბილი, სიყვარულისფერი ღიმილი უფარავს სახეს.
ყურებში მუსიკაჩაღვრილი გოგონა მიაპობს ცივ ქუჩას. უმიზეზოდ ეღიმება. ხედავს გზის პირას მდგარ მოხუცს, რომელიც ცდილობს გადაჭრას ქუჩა, მაგრამ შიში და მანქანები ხელს უშლიან. გოგონას ახსენდება მოხუცი ბებო, რომელიც ახლა ალბათ ბუხრის წინ ზის და თბილ წინდებს უქსოვს საყვარელ შვილიშვილს. ეღიმილება. მიდის მოხუცთან, მოხუცი მკლავზე ეყრდნობა მას  და ასე სვენებ–სვენებით, გაღიმილიანებულები გადადიან ქუჩის მეორე მხარეს.
მერე, გვერდით რომ ჩავუარე, გავიგონე, როგორ ლოცავდა მოხუცი გოგონას და.. მეც გამეღიმა. გარეთ ციოდა. ციოდა ძალიან, მაგრამ ვიღაცის მზრუნველ ხელს ჩემს სულშიც დაენთო ბუხარი. ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიყვარულით და.. ვღიმილიანობდი მეც.


გავიძახით, ცხოვრება რთულიაო და იმაზე არც კი ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ თვითონ ვართულებდეთ ყველაფერს. გავიძახით, ცხოვრება ნაცრისფერიაო და იმაზე არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება ცხოვრების მხატვარს საღებავები გაუთავდა და ჩვენი ღიმილი სჭირდება ცხოვრების ხელახლა გასაფერადებლად. მესმის, რომ რთულია დღეს ყველაფერს მარტივად შეხედო, მაგრამ იმას მაინც ნუ დავივიწყებთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.. რომ სიცოცხლე ასე, ბანალურად, მშვენიერია და, რომ ვიღაცას, თუნდაც ერთ ადამიანს, ჰაერივით სჭირდება ჩვენი ღიმილი.
ჰოდა, გაიღიმეთ რაა.. გაუღიმეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდათ არის, როგორც გგონიათ


Art-bampw-draw-drawing-girl-favim.com-289191_large

No comments:

Post a Comment