Wednesday, March 5, 2014

როცა ამბობ, რომ მთავარი ადამიანობაა და არა ფული; რომ ყველაფერს ვერ იყიდი; რომ ფული სინამდვილეში მეორეხარისხოვანია და ა.შ. – მართლა ასე ფიქრობ? თუ ეს უბრალოდ საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზების გადამღერებაა?

ექსპრომტად, უცებ წარმოიდგინე, როგორია შენი ოცნების სახლი?

სწორედ ამაზე ვსაუბრობდით არც ისე დიდი ხნის წინ, როცა ერთ მეგობარს ჩემი პატარა და მყუდრო ოცნების სახლი დავუხატე და თან ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ფული მექნება. თუ არადა, საყვარელ ადამიანთან ერთად ოთხ კედელშიც შემიძლია ვიხოვრო, სადაც მხოლოდ აუცილებელი რაღაცეები იქნება მეთქი. ჩათვალა, რომ არარეალურად ვსაუბრობ, რომ ამას აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ახლა ვერ ვხვდები.

მისი ოცნების სახლი როგრია იცი? დიიიდი, ფეშენებელური, გარდერობის დიდი ოთახით და ა.შ. გულწრფელად გამეცინა, წარმოვიდგინე როგორ დარბის ამ უშველებელ სახლში, სადაც სამოსს, ფეხსაცმელს და პარფიუმერიას ცალ-ცალკე ოთახები აქვს გამოყოფილი, როგორ არჩევს დიდი რაოდენობით სახელობით სუნამოებს შორის ერთ კონკრეტულს, როგორ ტრიალებს დიდი სარკის წინ… კი, ჯერ გამეცინა, მაგრამ მერე დავფიქრდი… ეს ხომ ოცნებაა და აქ მაინც უნდა მისცე თავს ყველაფრის უფლება, იოცნებო თუნდაც არარეალურზე, მაგრამ სასურველზე.

მაგრამ… რა ვერ გავიგე იცი? რისთვის მჭირდება ყველაფერი ეს? სამოსი, პარფიუმერია, აქსესუარები ალბათ ყველა ქალს უყვარს, მაგრამ ეს მთავარია? ეს მომანიჭებს ბედნიერებას? რად მინდა იმხელა გარდერობი, რისთვის ან ვისთვის?

სიყვარული მატერიალურია? – ეს კითხვა გამიჩნდა მაშინ, როცა ამ საუბრის მერე მეგობარმა სხვათაშორის აღნიშნა, რომ მისთვის აუცილებელია სიმპათიის ობიექტთან ერთად ყოველ დღე სხვადასხვა კაფეს სტუმრობდეს, იღებდეს საჩუქრებს და ა.შ. იმის გამო, რომ კაფე წარმოადგენს მისთვის სასურველ გარემოს შეხვედრებისთვის, ბევრჯერ თვითონაც დაუპატიჟებია შეყვარებული. არა, ამაში კი არაა საგანგაშო არაფერი, უბრალოდ, ვერ ვიგებ რა ყრია იმ კაფეში ამისთანა, რომ მის გარეშე ვერ გაძლო? კაფე ჩემთვის კვების ობიექტია და არა გასართობი ადგილი. ნებისმიერ პარკში უკეთ გავატარებ დროს, ვიდრე კაფეში. მინიმუმ სუფთა ჰაერი იქნება და საერთოდაც, რა შუაშია სიყვარულთან სადღაც დაპატიჟებები? სულ ესაა სიყვარული?!

არ ვიცი, ალბათ მე ვიყურებ სხვაგვარად ამ ყველაფერს. სხვაა, როცა მივდივართ კაფეში იმიტომ, რომ ვთქვათ მეგრული ხაჭაპური არ მიჭამია არასდროს და უნდა გამასინჯოს. ეს პლიუსია. იმიტომ კიარა, რომ ამ ხაჭაპურის გარეშე მოვკვდები ან რამე. უბრალოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ იცის რაღაცეები, რომ ყურადღებიანია. ხო, ყურადღებაა ყველაზე მთავარი. ვიცოდე, მაგრძნობინოს, რომ ვუყვარვარ, რომ სულ ერთი არ ვარ მისთვის… სიყვარულის და ყურადღების გამოხატვა კიდე მინდვრის ყვავილითაც შეიძლება. უფრო მეტადაც კი, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ვარდებით. მეცოდინება, რომ ჩემთვის დაკრიფა ეს ყვავილები და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქარში გადახდილი ნებისმიერი თანხა. როცა მიყვარს, მთავარია მასთან ერთად ვიყო, ვისეირნო, ვიბოდიალო… რა დამრჩენია კაფეში?! არ აქვს მნიშვნელობა გაქვს ამისთვის ფინანსები თუ არა. საერთოდ რა შუაშია ფინანსები, რატომ ვსაუბრობთ და ვფიქრობთ ამაზე?!

მე ვამბობ, რომ არ მყვარებია და ასეცაა. მაგრამ თქვენ რა უფლებით მელაპარაკებით სიყვარულზე, გრძნობებზე, როცა ყველაფერს ფულს უკავშირებთ?!

იტყვიან, რომ ეს არარეალურია, რომ ასე ყოველთვის ვერ იქნება… იცი რა, საკუთარი თავის სხვებზე უკეთ მესმის და ვიცი რა შემიძლია და არა. თუ მიყვარს, ყველაფერი მატერიალური მნიშვნელობას კარგავს. ერთია ოღონდ – თუ მხოლოდ მე ვიფიქრებ ასე, არაფერი გამოვა. ხომ ვამბობ, ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, ალბათ არ არსებობს…

No comments:

Post a Comment