Friday, July 15, 2016




რა მინდა იცი? სახლი სანაპიროზე. არა, სახლიც არა, უფრო ქოხი, ხისგან დამზადებული და თივის სახურავით.

ქოხს დიდი ფანჯრები მინდა ჰქონდეს. კარგ ამინდში მოწმენდილ ცას და ლურჯ ზღვას ვხედავდე ოთახის ყველა კუთხიდან, გაწვიმებისას კი წვეთებიანი ფანჯრის მიღმა აზვირთებულ ტალღებს, მათ სინქრონულ მოძრაობას ვაკვირდებოდე.

მინდა დილით მზის სხივმა გამაღვიძოს, ფეხშიშველმა ჩავირბინო პლიაჟზე და ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გავიგო. ჯერ ნელა შევცურო ზღვაში, მერე სწრაფად ვამოძრაო ხელები და ბოლოს თითქმის უმოძრაოდ, სხეულის მსუბუქი რხევით გავცურო. გავიდე შორს, ისე, რომ ქოხს ძლივს ვხედავდე.
მერე ტალღას გამოვყვები ნაპირამდე, ზღვის წყალი წურწურით ჩამოვა სხეულზე და თბილი მზის შეხება საშინლად მესიამოვნება. ნელი ნაბიჯით გავყვები პლიაჟს და უკან სველ ნაფეხურებს დავტოვებ. ცერებით შევალ ქოხში და რატომღაც შევეცდები ნაკვალევი არ დავტოვო ხის იატაკზე. ფეხაკრებით შევალ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პატარა ოთახში, მაგიდიდან დიდ ვაშლს ავიღებ და მერე მწარე ყავას მოვამზადებ.

შემდეგ ფანჯრის რაფაზე დავჯდები, დავაკვირდები ზღვის მოძრაობას და თან უკვე მომზადებული ყავის არომატს შევიგრძნობ. ნელ-ნელა, ნება-ნება დავლევ არომატულ სასმელს და თან ზღვას არ მოვაშორებ თვალს.

შუადღით, როცა დაცხება, ხის ქვეშ გაბმულ ჰამაკზე წამოვწვები და რამეს წავიკითხავ. ნელ-ნელა თვლემა მომერევა და გემრიელად ჩამეძინება.

საღამოს მინი კინოთეტრს მოვიწყობ ღია ცის ქვეშ, ფეხმორთხმით დავჯდები ქვიშაზე, დიდი თეფშით ბატი-ბუტს (და არა პოპ-კორნს) ჩავიდებ კალთაში და რამე გემრიელ ფილმს ვუყურებ.

როცა კარგად დაღამდება და ცა ვარსკვლავებით მოიჭედება, ზღვაში ვიბანავებ და მერე, დაღლილი, ქვიშაზე დავეგდები, ხელებს თავქვეშ ამოვიდებ და ვარსკვლავებს დავაკვირდები, თან ზღვას მოვუსმენ. ვერ მივხვდები დროის გასვლას და სანამ რული არ მომერევა, მანამ არ წამოვდგები. მერე ზოზინით ავალ ქოხში და უკვე საკმაოდ შეციებულზე საშინლად მესიამოვნება თბილი საწოლი. დავიძინებ ყველაზე ტკბილი ძილით, რაც კი არსებობს და დილით ისევ დიდ ფანჯარაში შემოჭრილი მზის პირველი სხივები გამაღვიძებს.

No comments:

Post a Comment