Friday, July 15, 2016



გავერთნაირდით.

გვინდა ორიგინალურები და სხვებისგან განსხვავებულები ვიყოთ, მაგრამ ერთნაირები ვხდებით (ვ-ერთნაირდებით).

თმას მოკლედ ვიჭრით ან წითლად ვიღებავთ; კედებს ვიცმევთ ან ტიმბელენდებს; როკს ვუსმენთ ან ჯაზს; რუსული მუსიკა “გვეზიზღება”, მარა ტექსტი ზეპირად ვიცით; ვეწევით და ვსვამთ; ვკითხულობთ ყველასთვის და არა საკუთარი თავისთვის; ინგლისურად უფრო მეტს და კარგად ვლაპარაკობთ, ვიდრე ქართულად; ვგიჟდებით ხელოვნებაზე და ფოტოგრაფიაზე ხომ თავისთავად; გვაქვს ბლოგები და ათასზე მეტი მეგობარი facebook-ში…

ორიგინალურობა გვინდა და ვერთნაირდებით, ისე, რომ ვერც ვხვდებით.

ბითლზი მოგვწონს და პინკ ფლოიდი, კოელიო და მარკესი.

გავერთნაირდით.

არ ვუყურებთ სერიალებს (მოდაში აღარაა), მარა ყველა გმირის სახელი ვიცით;

არ ვაღიარებთ არაფერ რუსულს, იმიტომ, რომ რუსულია.

ათეისტები ვართ ან ფანატიკოსები.

ღმერთი არ გვწამს, იმიტომ რომ ეს “ახალი” და ორიგინალურია, ასე ყურადღებას ვიქცევთ.

ან გვწამს ფანატიკურად. სინამდვილეში კი ყველაფრის გვწამს, გარდა ღმერთისა. ფანატიკოსები ვართ და საღად აზროვნების უნარი დავკარგეთ. დედამიწაზე გავაღმერთეთ ადამიანები, ხელშეუხებლები გავხადეთ.

არ გვიჩნდება კითხვა, როცა მღვდელს 40 ლარს ვუხდით იმისთვის, რომ ციხეში მყოფი ჩვენი ახლობლის აღსარება ჩაიბაროს, სამაგიეროდ ვაპროტესტებთ ღვედების აუცილებლობის დაკანონებას და მანდატურებს სკოლაში.

ვსაუბრობთ ჩვენს განუსაზღვრელ უფლებებზე და იმაზე, თუ როგორ უსინდისოდ არღვევენ მათ, ამ დროს გეი-პარადის საწინააღმდეგო აქციებს ვმართავთ და ჩაქოლვით ვიმუქრებით, ვკრძალავთ ფილმებს და წიგნებს, რომელთა შინაარსი ჩვენთვის მიუღებელია და ამიტომ სხვაც არ უნდა გაეცნოს.

შეგვიძლია საკუთარი აზრის გამოთქმისთვის მოვიძულოთ ადამიანები და მათი ხსენება გვეზიზღებოდეს, სახელის გაგონებისას ხელებს ვასავსავებდეთ.

ძალიან თავისუფლები ვართ ჩვენ რომ გვკითხოს ვინმემ. ამ დროს დოგმებში ვიხრჩობით. ან ერთი კატეგორიული მხარე ვართ, ან მეორე.

არ მინდა ვიყო ათეისტი, მწამს ღმერთის. მაგრამ პატრიარქი არაა ჩემი ღმერთი, რა ვქნა. განა ვაკნინებ? – არა, უბრალოდ ღმერთად არ მიმაჩნია, ადამიანია.

არ მგონია, რომ ვინმე ხელშეუხებელია და არ შემიძლია მასზე საუბარი, როცა ვთვლი, რომ მატყუებს.

ჯაზის ბევრი არაფერი გამეგება და არც მინდა მხოლოდ იმიტომ გავიგო, რომ ყველამ იცის.

არ მიყვარს კოელიო და არც მარკესი, დუმბაძე მირჩევნია. მერის და ზურიკელას გრძნობები ხანდახან რომეოს და ჯულიეტას გრძნობებზე ლამაზიც მეჩვენება, მერე რა?

დიახ, ვთვლი, რომ განსხვავებულებსაც აქვთ არსებობის უფლება, სარწმუნოებით მანიპულირება უსინდისობად მიმაჩნია.

მე არ წავიკითხავ დეისაძეს. არა იმიტომ, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს უნდა ასე, არამედ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს და კიდევ იმიტომ, რომ ფოლკნერი, ტოლსტოი, დოსტოევსკი, ჰემინგუეი და სხვები მელოდებიან.

დიახ, მე არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, სანამ შენ მეტყვი, რომ გეების “მხარდაჭერა” არაეკლესიურია, რომ დეისაძე არ უნდა წავიკითხო, რომ “კაი რააა, ღმერთი არ არსებობს”, რომ რუსული ყველაფერი “ბანძია”, რომ ადამიანი მოსაკლავად შეიძლება გაიმეტო თუ პატრიარქი ახსენა, რომ “ფუუუ, ეს პაპსაა”, რომ არ შეიძლება არ მომწონდეს კოელიო… დიახ, მე მაქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლება, გაბედე და შემიზღუდე
!..

No comments:

Post a Comment